თბილისის ანძა მწვანედ განათდა
დღეს თბილისისა და დუბლინის დამეგობრების ორი წელი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წელი აღინიშნება.
აღნიშნულ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, თბილისი, შარშანდელის მსგავსად, წელსაც მსოფლიო კამპანიაში – “Global Greening” ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც, თბილისის ანძა მწვანედ განათდა.
ყოველი წლის 17 მარტს მსოფლიოს დედაქალაქებში ღირშესანიშნაობები მწვანედ ნათდება.
საქართველო აღნიშნულ აქციაში პირველად გასულ წელს ჩაერთო, რის შემდეგაც, თბილისი ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელშიც ირლანდიელ ტურისტებს მოგზაურობის რეკომენდაციას აძლევს.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, “Tbilisi Event Hall”-ში ცნობილი ირლანდიური და ქართული ჯგუფების – “Jack Lukeman”-ის და “ნიუტონის” ერთობლივი კონცერტი მიმდინარეობს.
ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრება.