ჭაბუა ამირეჯიბი – ცოდნა რაა, თუ ის რწმენამდე არ მივიდა

,,ბუნებაში, ალბათ, არაფერია ერთმანეთზე ისე პირდაპირ დამოკიდებული, როგორც პიროვნების ზნეობაზე – მისი ერის ბედ-იღბალი, მოქალაქის ზნეობაზე – მისი სახელმწიფოს ავ-კარგი და პირუკუ. ისინი ერთმანეთის შვილები არიან. ზნეობა ის შინაგანი ძალაა, რომლის წყალობითაც პიროვნება საქციელს იწესრიგებს, რომლის წყალობითაც თავის პირად მოთხოვნილებებს ერის და სახელმწიფოს საჭიროებებს უთანხმებს.”

12357965_438433396352051_1913852414_n

დღეს ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების დღეა.

ჭაბუა (მზეჭაბუკ) ირაკლის ძე ამირეჯიბი დაიბადა თბილისში 1921 წლის 18 ნოემბერს. დედა – მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე, ქალთა უმაღლეს კურსებდამთავრებული პედაგოგი – პირდაპირი შთამომავალი იყო აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეებისა, დადიანებისა, გურიელებისა და ასევე – მიქელაძეებისა და ნაკაშიძეებისა.
მამა – ირაკლი გიორგის ძე ამირეჯიბი – ცნობილი ადვოკატი – ჩამომავალი ამირეჯიბებისა, მაღალაშვილებისა, ქარუმიძეებისა, ფავლენიშვილებისა, ჯოხთაბერიძეებისა.

თავად მწერალი ასე წერს “ავტოინტერვიუში” : “მამაჩემის თავადურ წარმოშობაზე თავად გვარი – ამირეჯიბი მიუთითებს. ეს საუკუნეების მანძილზე გვარად ქცეული მეფის სასახლის თანამდებობაა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უფროსს რომ შეესატყვისება. თანამდებობა საგვარეულო იყო, მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ყოველი ოჯახი, რომელიც ამ გვარს ატარებდა, პირდაპირ მეტოქეობდა, რათა თავისი ოჯახიდან მოემზადებინა კანდიდატი. ულმობელი კონკურენცია იყო, ამიტომ ყველა კანდიდატი ღირსეულ განათლებას იღებდა როგორც საქართველოში, ასევე ბიზანტიაში – აქედან მოდის გვარის წარმომადგენელთა ტრადიციული განათლებულობა. ბოლო ასი წლის მანძილზე ერთადერთი “ხეპრე” გვარში – თქვენი მონა-მორჩილია: ლიტერატურული ფაკულტეტის სამი კურსი მაქვს დამთავრებული. მესამე კურსზე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვიყავი, ვიბეჭდებოდი და სწავლა მივატოვე”.

1943 წელს, უნივერსიტეტში სწავლისას, მწერალი ხდება „საქართველოში საბჭოთა წყობილების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მზადების“ საქმის ფიგურანტი. ორგანიზაციას, რომელში წევრობისთვისაც მწერალი დააკავეს, „თეთრი გიორგი“ ერქვა. 1944 წლის აპრილში მწერალს მიესაჯა 25 წლის პატიმრობა. პროკურორის მიერ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ მოსამართლემ ის ლმობიერად ჩათვალა და შეიცვალა უმაღლესი ზომით – დახვრეტით. სამი თვე მწერალმა სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა.

პატიმრობის 16 წლის მანძილზე იყო ტყის მჭრელი, ჩრდილოეთ ოსეთის სატყეო კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი 1945-47წწ., ბელორუსიის სატყეო მრეწველობის სამინისტროს ტყის გადამამუშავებელი კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი 1947-50წწ.. განთავისუფლების შემდეგ საქართველო – აშშ ერთობლივი საწარმოს “ამსაქფილმის” დამაარსებელი და დირექტორი, ალმანახ “კინო”-ს დამაარსებელი და დირექტორი, საქართველოს სახკინოს სარეკლამო-საინფორმაციო ბიუროს დამაარსებელი და დირექტორი 1969-72წწ., კინოსტუდია “ქართული ფილმი”-ს მეორე გაერთიანების დირექტორი 1972-76წწ., კინოსტუდია “მემატიანეს” დირექტორი 1983-89წწ., საქართველოს თავდაცვის ფონდის თავჯდომარე 1992 -95წწ., ქართულ სულიერ ფასეულობათა დაცვის ასოციაცია “ივერია”-ს და გაზეთ “ახალი ივერია”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავჯდომარე 1999წელს.

გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიცისტური სტატია 1976 -98წწ., მოთხრობების სამი კრებული 1965-68წწ., საბავშვო იგავ-არაკების კრებული 1967წ., რომანები. არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და დაჯილდოვებულია უცხოური, რუსული, ქართული პრემიებითა და პრიზებით. თავისი ნაწარმოებები დაბეჭდილი აქვს მსოფლიოს ხალხთა ოცდაათ ენაზე. 2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა.

ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა 2013 წლის 12 დეკემბერს.

 

მეტი:

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *