თბილისში ძირითადი საახალწლო ღონისძიებები დედაენის ბაღში გაიმართება

c2e6326f88986167e59988362fbd6473ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქის ქუჩები არ გადაიკეტება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, მერიაში მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით აქტიურ ფაზაშია გადასული მოსამზადებელი სამუშაოები.

„გასულ წელს ახალი განათებებით მოირთო რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის და ჭავჭავაძის გამზირები. წელსაც გვექნება ამ თვალსაზრისით სიახლეები და დამატებითი ახალი საახალწლო ილუმინაციებით მოირთვება აეროპორტის გზა და აღმაშენებლის გამზირი. მათ შორის განახლებული აღმაშენებელი, ასევე პეკინის ქუჩაზე მოხდება მოძველებული განათებების განახლება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, ძირითადი საახალწლო ღონისძიებები დედაენის ბაღში გაიმართება.

„წელს ჩვენ განსხვავებულად დავგეგმეთ ახალი წლის ღონისძიებების ლოკაციები, შესაბამისად, ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში არ გადაიკეტება დედაქალაქის ქუჩები. ძირითადი საახალწლო ღონისძიებები დედაენის ბაღში გაიმართება. დედაენის ბაღი, როგორც საახალწლო ქალაქი ისე მოეწყობა და შესაბამისად, 25 დეკემბრიდან დაიწყება იქ ძირითადი საახალწლო ღონისძიებები როგორც კულტურული, ასევე გასართობი ფორმატის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, წელს ძალიან ლამაზად მოირთვება განახლებული აღმაშენებლის გამზირი.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, 31 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტი ჩატარდება.

მეტი:

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *