სერგეენკო: მცირეწლოვან გოგონებზე ბარბაროსული მანიპულაციების ჩატარება სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდება
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, მცირეწლოვან გოგონებზე ძალადობა და გარკვეული ბარბაროსული მანიპულაციების ჩატარება სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდება.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და დღეს დამტკიცებული ცვლილებების იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც გოგონათა გენიტალიების დამახინჯებას ეხება.
მისი თქმით, ახალი კანონით, ყოველგვარი სამედიცინო ჩვენების გარეშე განხორციელებული ჩარევა, დასჯადი ქმედება ხდება.
„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტების მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომელიც უახლოეს მომავალში, პარლამენტში გადაიგზავნება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მცირეწლოვან გოგონებზე პრაქტიკულად ძალადობა და ყოველგვარი სამედიცინო ჩვენების, ყოველგვარი პირობების დაცვის გარეშე, გარკვეული ბარბაროსული მანიპულაციების ჩატარება, რომლის ერთეული შემთხვევებიც აღინიშნებოდა, ახალი კანონით, სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდება. ვფიქრობ, რომ აღნიშნული ცვლილებები ამ წარმოუდგენელ პრობლემას მნიშვნელოვნად მოაგვარებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
გოგონათა გენიტალიების დამახინჯება კრიმინალიზებული ხდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს და დასამტკიცებლად, პარლამენტს გადაეგზავნება.