ალეკო ელისაშვილი – ეს ჩიკაგოს მაფიის მეთოდებს ჰგავს, თუმცა მე არ შევშინდები
ეს არის სიგნალი, რომ თუ ვინმე გაბედავს და ”ოცნების” მექრთამე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს, ისევე მოექცევიან, როგორც მე მომექცნენ, – ასე გამოეხმაურა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სასამართლომ ეკა ბესელიას სარჩელი ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალეკო ელისაშვილს დაევალა იგივე ტელეეთერით მის მიერ გახმოვანებული განცხადებების უარყოფა და ჯარიმის სახით 1000 ლარის გადახდა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, მას შემდეგ რაც სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილი ჩაბარდება, ის გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
”სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო. მიმაჩნია, რომ სასამართლო ყურმოჭრილი ყმა გახდა. ეს დღევანდელმა გადაწყვეტილებამაც დაადასტურა.
გარდა ამისა, ეს არის ცუდი სიგნალი ყველასთვის. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბესელია კორუმპირებულია და ეს სადაო აღარაა, უბრალოდ, ეს არის სიგნალი, რომ თუ ვინმე გაბედავს და ან ბესელიას, ან რომელიმე ”ოცნების” მექრთამე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს, ისევე მოექცევიან, როგორც მე მომექცნენ. ეს ჩიკაგოს მაფიის მეთოდებს ჰგავს, თუმცა მე არ შევშინდები და რა თქმა უნდა, სამართლებრივად ბოლომდე ვიბრძოლებ”, -განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს, ისევე როგორც წინა ხელისუფლების დროს, სასამართლო კვლავ ”დაქვემდებარებულია” ხელისუფლებას.
”მოსამართლე ქეთევან კუჭავა გახდა ურთმელიძეების და ნაზღაიძეების დამქაში. სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ როგორც მიხეილ სააკაშვილის დროს იყო ლაგამამოდებული სასამართლო და თავის ნებაზე აცეკვებდა სასამართლოს, ასევეა ახლაც. მე, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას და გავასაჩივრებ როგორც კი სასამართლო გამომიგზავნის გადაწყვეტილებას. ის, რომ მე შევშინდე და ჩემი სიტყვებიდან უკან დავიხიო? – ვერ მივართვი. ძალიან ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელიას სახე მიიღო. ესენი არიან კოლექტიური ეკა ბესელიები”, -განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.