აკაკი ზოიძე – ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას

აკაკი ზოიძე

აკაკი ზოიძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელშიც მონაწილეობას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც იღებდა.

ზოიძის თქმით, 7 ივნისისთვის აღნიშნულ საკითხზე შეჯერებული კანონპროექტი უნდა იყოს მზად. შესაბამისად, საჭირო იქნება დამატებითი კონსულტაციებიც.

„ძალიან მნიშვნელოვანი მსჯელობა გაიმართა, პრინციპული დაპირისპირება არც ახლა გამოიკვეთა, მაგრამ დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ შევჯერდეთ.  ვადები რაც არის, ძალაში რჩება, 7 ივნისისთვის შეჯერებული ვარიანტი უნდა გვქონდეს.  დამატებითი კონსულტაციები გვჭირდება. აქამდე რა მსჯელობაც იყო, იმავე საკითხებზე გაიმართა. პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ დამატებითი კონსულტაციები საჭირო იქნება, კერძოდ, დეტალებზე, დეკრიმინალიზაციის ვადებზე და ა.შ.“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მომხრეა, როგორც გუნდის ყველა წევრი.

„ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისევე, როგორც გუნდის ყველა წევრი. შევეცდებით, რომ ეს კონკრეტულ ფორმაში გამოვხატოთ, გადაწყვეტილების მიღება უსასრულოდ არ გაგრძელდება. რა გადაწყვეტილებაც დღეს მივიღეთ, უნდა ჩამოვყალიბდეთ, ალბათ იქნება შიდა რეიტინგული კენჭისყრა, თუ ამის საჭიროება დადგა. გადაწყვეტილებას ყველა ვარიანტში მივიღებთ“, – განაცხადა ზოიძემ.

დეპუტატმა საკითხზე უმრავლესობაში შიდა რეიტინგული კენჭისყრის ჩატარების შესაძლებლობაც არ გამორიცხა.

მეტი:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *